ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რადიო თავისუფლების ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა. ჟურნალისტმა მას მოლდოვის მაგალითზე დაუსვა შეკითხვა: "მოლდოვამ განაცხადა, რომ უკრაინას არ გამოეყოფა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის. მიუხედავად ამისა, თუკი უნგრეთი და შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძელებს, განიხილავთ თუ არა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ერთად მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას, თუ ორიგინალი პაკეტის შენარჩუნებას ამჯობინებთ?"
რაზეც მიშელმა ასე უპასუხა: "თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვემზადები ევროპული საბჭოს სხდომისთვის და მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა. ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დამატებითი ნაბიჯების გადადგმით, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია."
ევროკავშირის ლიდერთა სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით."
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.